суббота, 8 декабря 2012 г.

" 2012 წლის ქრონიკა"


    რამდენი ხანია მინდა დავწერო, მაგრამ ვერა და ვერ მოვუყარე თავი ჩემს ფიქრებს, ბევრი ვიფიქრე რაზე დამეწერა, რომ თემიდან არ გადამეხვია, მაგრამ მიუხედავად ჩემს გარშემო მომხდარი არც თუ ისე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ამბებისა, მაინც ვერ ავუვლი გვერდს ჩემს განცდებს, ჩემს ემოციებს, ფიქრებს, რომელმაც ჩემთვის უჩვეულოდ დიდ ხანს გასტანა ჩემში. 
     ახლა როცა ამას ვწერ, ფონად საოცარი (რომანტიული) მუსიკა მესმის, ალბათ სწორედ ამ მუსიკამ  და მასში აჟღერებულმა სიტყვებმა მოახდინა ჩემში იმ მომენტის ჩაწვეთება, რასაც ბლოგზე ჩემი ემოციის გადმოცემა ჰქვია და რომელიც ზუსტად ერთი წელია არ გამიკეთებია. ფაქტიურად წინა პოსტის დაბადების დღეს ემთხვევა ახალი :)
     დავიწყებ იმ მომენტიდან, როცა ახალი 2012 წელი შემოვიდა, ნუ მაინც სიმბოლური იქნება ალბათ მთელი წლის მნიშვნელოვანი დეტალების გახსენება და მის „წლის ბლოგ-news-ში“ მოქცევა J
     ახალ წელს  სასიამოვნო და მეტად მხიარულ გარემოში შევხვდი. ეს იყო ზუგდიდში, რესტორან „სამეფოში“, სადაც ახალი წლის დადგომასთან ერთად გიოს დაბადების დღეც აღვნიშნეთ.
2012 წელი
მაგიდა N5 რომ ყოფილა ახლა დავაფიქსირე :)
იუბილარი - გიორგი გოგენია
     ამის შემდეგ იყო რამდენიმე "თავისუფალი დღე", ფაქტიურად ზამთრის არდადეგები შეიძლება დავარქვა:)) სადაც მიუხედავად დღისით არსებული ძალიან ბევრი თავისუფალი დროისა ღამის 03:00 საათზე დაგვემართა "ერთჯერადი შეტევა" და მოვაწყვეთ "გასეირნება თოვლში".  თოვლის ეს რაოდენობა პირადად მე დიდი ხანია ხობში არ მახსოვს. ისე კი, ძალიან გავერთეთ
ხობი - ღამის 3 საათზე
გამთენიისას მიღებული შედეგი
     ამის შემდეგ სასიამოვნო დეტალი რაც იყო და რაზეც თანამშრომლებთან ერთად შემიძლია ვთქვა „გახსოვს?“, ეს არის სამსახურში დაბრუნება (გამოძახება), რადგან წლის ბოლოს პირადი განცხადების საფუძველზე ყველანი დროებით ვიყავით „დათხოვნილები“, სწორედ ამიტომ მქონდა "ზამთრის არდადეგები":) მუშაობა ახალ წელთან ერთად დაიწყო არც ისე ახალ, მაგრამ მაინც სახეცვლილ გარემოში, რაც მთავარია მუშაობა სიამოვნებას მანიჭებდა, თუმცა ჰქონდა ერთი ხარვეზი, რომელიც აგერ წლის ბოლოს გამოსწორდა და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან ორმაგად სასიამოვნო სამუშაო გარემოა. ჯგუფი კვლავ სრული შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას
მე, ირაკლი და თამთა
     დაახლოებით შობის დღესასწაულისკენ დაიწყო დათოს (ჩემი ძმის) სასიყვარულო ისტორიის „ტრაგიკული დასასრულის“ დასაწყისი J მიუხედავად ჩვენი (ჩემი, მეგობრების, ბოლობოლო მამაჩემის და კიდევ ვინ იცის ვისი) ჩარევისა ამ ამბავს მაინც არაფერი ეშველა და ღმერთმა ბედნიერება ნუ მოუშალოს ჩემს „ყოფილ სარძლოს“... სამაგიეროდ ახლა ბევრად უკეთესი „გოგო“ მყავს :P ტყუილი კი არაა, რაც არ ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვის არისო... ხო და ასე...მოკლედ, დათო ისევ შეყვარებულია...
სასწაული სიყვარული იცის ამ ადამიანმა
     შემდეგი  სიახლე ჩემს ცხოვრებაში  ისევ და ისევ სამსახურს უკავშირდება. არ შემიძლია გამოვტოვო "პროფკავშირების" მიერ მოწყობილი კიდევ ერთი ლამაზი საღამო, რომელიც  3 მარტს გაიმართა. ეს იყო ახალი გამგებლის სხვა კუთხით, ერთგვარი გაცნობითი ხასიათის საღამო, რომელმაც ყოველგვარ მოულოდნელობას გადააჭარბა. ეს იყო საღამო, სადაც "უფროსი" და "უმცროსი" ყველა ერთმანეთის თანატოლი იყო. გამგებლის განსაკუთრებულობაც მის მიერ გაკეთებულ საქმეებთან ერთად, სწორედ მის უშუალობაშია, რაშიც არა მხოლოდ თანამშრომლები, არამედ ძალიან ბევრი ხობელი დამეთანხმება. ჩემი აზრით უფროსისგან ასეთი დამოკიდებულება ძალიან დიდი საგანძური და  იშვიათობაა. 
სხვა უფრო მრავლად რომ ვართ ისეთი ვერაფერი ვნახე
     ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ სამსახური ეს არის მეორე სახლი, სადაც ძალიან ძნელია იცხოვრო თუ „მეორე ოჯახის“ წევრების მიმართ რაიმე ნეგატიურს გრძნობ ან განიცდი (მე და თამთამ ეს მომენტი გამოვიარეთ). თუნდაც სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ ვინ არიან შენი „მეორე ოჯახის“ წევრები. ანუ ამით იმ სიახლეზე ვაკეთებ აქცენტს, რომ ჩვენს „ოჯახს“ შემოუერთდა ორი არაჩვეულებრივი წევრი - თამუნა და პაპუნა, რომლებმაც „მამაპაპურ საჭმლებთან“ ერთად თავისებური სიხალისე შემოიტანეს ჩვენს ოჯახში.
თამუნა, ირაკლი და მე
(ლალას ხუმრობა მახსენდება - "სასტავი" იცვლება, ირაკლი არა):))))
ნინო, მე და პაპუნა
     არ შემიძლია არ ვისაუბრო ოჯახის კიდევ ერთ წევრზე, რადგან ფაქტიურად მისი გაცნობის დღიდან დაიწყო ჩემში კუჭ-ნაწლავის ყველაზე "თავხედმა" სინდისმა გაღვიძება, უფრო სწორედ მან გამიღვიძა J ალბათ მიხვდით, ეს არის ნინო, სწორედ მისი გაცნობის შემდეგ იქცა ჩემი ჭამა დღესასწაუად :)) არა რაა,  უნდა მოვყვე: ე.ი. ოთახში გვაქვს ე.წ. cofe-time, სადაც ტრადიციულად ტკბილეულობის-party გვაქვს ხოლმე, შესაბამისად, მეც როგორი სიამოვნებით გეახლებით არ იცით:)) ამ დროს ერთი გაწრიპული, სიფრიფანა  გოგო ზის და ითხოვს, რომ მისთვის განკუთვნილ ყავას შაქარი არ გაუკეთონ, ხოლო ჩემს მიერ გაწვდენილ ტკბილეულზე მეუბნება კატეგორიულ უარს, რადგან ეს არის კალორიული და შესაბამისად, მის წონაზე ცუდად აისახება:))) არ დაგავიწყდეთ იწონის 46 კგ-ს:))) სწორედ ამ დროს ჩემში შეინჯღრა რაღაც, რა დავარქვა ისიც არ ვიცი :))) და ნინოს დახმარებით, გვერდში დგომითა და გამხნევებით დაიწყო დიეტური ცხოვრება, მას მერე  ჩემს ფოტო-ალბომსაც "ახალი სეზონი" დავარქვი.
და აი ისიც :)
     ამ ყველაფერს ქრონოლოგიურად მოსდევს ხათუნას დაბადების დღის აღსანიშნავად ნოქალაქევში პიკნიკზე გასვლა, რომელმაც მიუხედავად ძალიან დიდი ხარვეზისა, აი ხაზს ვუსვამ,  ძააააალიან დიდი ხარვეზისა მაინც კარგად მახსენდება, ეს მაშინ რომ დამეწერა ერთ სულიერს რიონი ვერ გარეცხავდა:))) მაგრამ ახლა წყენამ გადამიარა
party
ესეც კოლექტიური ფოტო :)
     მაისის თვეში კარგი დღეების სიმრავლე იყო აშკარად, რადგან 23 მაისს იყო  თამამად შეიძლება ითვას ჩემს ცხოვრებაში  ერთ-ერთი საუკეთესო დღე, ეს იყო ანაკლიაში - ჩერქეზული დღეების გახსნაზე, მეგზურები გამიგებენ ამ ემოციას:)) რომელი ერთი ეპიზოდი  გამოვყო ამ დღიდან არც ვიცი, "ჩემი ერთ საკითხში ნათლობა?", "ჩვენი ყბა-ჩამოხეული სიცილი არაფერზე?" თუ  საღამოს "დაგვირგვინება", რაშიც თამუნამ გადამარჩინა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობ შენ თამუ :* წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება დამმართნოდა რომ არა შენ:))) 
<3
ზარი "ახლობსლისგან" მახსენდება ამ დროს:))
თითქმის დღის ბოლოს ;)
     შემდეგ მოდის ივნისი. ხო, ანუ მინდა აღვნიშნო, რომ წლის გარვეულ მონაკვეთებში მაქვს კიდევ განსაკუთრებული დღეებიც, რომელიც თეოს (ჩემი ნათლია) დამსახურებაა და იმედია ამ ბედნიერებას მომავალ წელსაც  არ მომაკლებს:) ასეთი დღეები  იყო ივნისშიც, როცა მოვაწყვეთ ერთგვარი გასეირნება  ქუთაისში, სადაც სტუმრობის ძირითად დატვირთვას "ქუთაისური კიევურის"  დაგემოვნება წარმოადგენდა, თუმცა მოწამეთაში - ც შევირბინეთ:) 
გოგენია გვიღებს :) სრული შემადგენლობა არ გამომდის
ესეც ჩვენი "კიევური", რომელიც დათომ მაიონეზის გამო დაიწუნა:))
     Facebook-ის ალბომების ქრონოლოგიას თუ გადავხედავ, მომდევნო ღირშესანიშნაობა ისევ თეოს მიერ მონიჭებული სიხარულია, რომელიც ივლისში კვლავ ჩამოვიდა და მოვახერხეთ week-end-ის მოწყობა.  ამჯერად გეზი  პირველ დღეს ქუთაისისკენ, კერძოდ სათაფლიაში, ხოლო მეორე დღეს  მარტვილისკენ ავიღეთ, სადაც მარტვილის კანიონები და სალხინო დავათვალიერეთ. ეს ის დღეები იყო, როცა სახლში მოსულს ძალიან გამიჭირდა შთაბეჭდილებიდან გამოსვლა.
სათაფლიის გამოქვაბული
სათაფლია
მარტვილის კანიონები
                                     
სალხინო
     ყველაფერ ამას, დაახლოებით  ივლისის შუა რიცხვებიდან ფონად გასდევდა ერთი ჩემთვის უჩვეულოდ სასიამოვნო ამბავი, რომელიც "ამბავადვე" დარჩა, მაგრამ მაშინ ეს იყო სიახლე, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახლის დასაწყისი, რომელმაც ისეთივე სწრაფი დასასრული ჰპოვა, როგორიც განვითარება. 
     ამასობაში დადგა დღე, რომელიც განსაკუთრებულია ჩემთვის და დათოსთვის, ეს არის ჩვენი დაბადების დღე. (მე და დათო ტყუპები ვართ - ვინც არ იცის მათთვის), თუმცა გათენებამდე იყო ამ დღის შემოსვლის ცერემონია, თურმე სიურპრიზი მელოდა, რომელიც ჩემი "გული ადამიანების" მიერ იყო მოწყობილი.
პარალელურ რეჟიმში მოლოცვა "სასიამოვნო ამბის" გმირისგან
     დილა სამუშაო გარემოში, ჩვეულ რეჟმში  დაიწყო, თუმცა არა,  დილას მეზობლის "სასიამოვნოდ" შეშფოთებულმა  ხმამ გამაღვიძა, რომელმაც გაოცებულმა მითხრა ჩემს კარებთან არსებული "უპატრონოდ" მიტოვებული ყვავილების თაიგულის შესახებ:)) ჩემს ადგომამდე ყვავილს თავისი ადგილი ბელამ მიუჩინა :) სამუშაო დღის მერე კი კიდევ ერთი ძალიან ლამაზი, მაგ დროისთვის ჩემთვის განსაკუთრებული საჩუქარი და  კვლავ მეგობრების ვიწრო წრე  
                         
ასაკის მიუხედავად ძალიან მომწონს:)))
მერამდენე ტორტი ჩავაქრე არ ვიცი:))
     მეორე დღეს დაიწყო ჩემი შვებულება. დრო არ დაგვიკარგავს ისე  მე, ეკა და თეო  იმ დღესვე  გავეშურეთ ქობულეთისკენ, სადაც 10 საუკეთესო დღე გავატარეთ, გიოს დაბადების დღისა და კიდევ ერთი საღამოს ჩათვლით, რომლის გახსენებაც ფხიზლად "მზარავს":)))
ჩემი ბედნიერება ხალხი
     ჩამოსულზე აღსანიშნავი და კარგად დასამახსოვრებელი იყო აგვისტოს კიდევ ერთი ლამაზი საღამო, ჩემი გიჟი ბავშვის  - მეგის დღეობა. თან მინდა დავამატო, რომ მეგი და ზოგადად ის თაობა რომელიც ახლა ხობში ტრიალებს, სწვალობს, თუ უკვე სტუდენტობს, ასე მგონია ძალიან ჩემები არიან, თითქოს მათთან ერთად ვიზრდები მეც. ესენი არიან ხობელები, რომელთა  დანახვისას მიხარია ხობელობა, ამიტომ ამათ ჩემი ბავშვები ჰქვიათ.
ჩემი გოგოები <3
     გრძელდება ჩემი საშვებულებო დღეები, თუმცა ძალიან პოზიტიურს აგვისტოს ბოლოდან ძალიან ნეგატიური დღეები ჩაენაცვლა. ეს იყო ბებიას გარდაცვალება, სხვა მხრივ მოყენებული შინაგანი ტკივილი თუ სხვა. მეგონა რომ ძლიერი ვიყავი და საზოგადოებრივი აზრი ნაკლებად საინტერესო იყო ჩემთვის, თუმცა როცა ფაქტის წინაშე საზოგადოების ჩემთვის  უცნობმა ნაწილმა ცრუ  და გაუგონარი ფაქტებით დამაყენა  ძალიან სუსტი და მარტო აღმოვჩნდი. არ დავმალავ, თავიდან გამიჭირდა, მაგრამ რეალობამ, რომელსაც მე თურმე ოდნავ მოხუჭული თვალით ვუყურებდი გამომაფხიზლა. მადლობა ღმერთს დღეს სხვაგვარად ვუყურებ ამ ყველაფერს. როგორც ამბობენ,  ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი, მთავარია რომელს მისცემ გაღვივების უფლებას. 
ეს ის პოზიცია იყო, რომელიც უნდა მიმეღო
     არავითრ შემთხვევაში არ გამოვტოვებ მაიას ქორწილს, რომელსაც მთელი წელი სულმოუთმენლად ველოდით
მაია <3 ლერი
     ამ ყველაფერს ფონად გასდევდა წინასაარჩევნო მარათონი, შემდეგ არჩევნები, რომლის შედეგები ყველასთვის ნათელია. ხოლო არჩევნების შემდგომ საჯარო მოხელეების სასიამოვნოდ განტვირთვაზე ვინ იზრუნებდა  თუ არა "პროფკავშირები", რომელმაც კიდევ ერთი ლამაზი, "პროფკავშირების ისტორიაში" დაუვიწყარი დღე ახალციხეში გვაჩუქა.
ახალციზე - რაბათი
     დეკემბრის დასაწყისიდან  პოლიტიკურ ასპარეზზე დაიწყო მოვლენათა კვლავ ნეგატიური განვითარება... 
ახალი იმედებით ველოდები 2013 წლის დადგომას, თუმცა მანამდე 2012 წლის 21 დეკემბერი უნდა გათენდეს:)))

     ესეც ასე... ვიღაცამ შეიძლება მიმანიშნოს, რომ რაღაცეები გამომრჩა, მაგრამ არაუშავს,  შეიძლება ყველაფერი არ გამახსენდა ან უბრალოდ  ასე იყო საჭირო!



                                     




                                         








суббота, 24 декабря 2011 г.

საქარველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი "მეგა 2011"


ე.ი არც ვიცი რით დავიწყო, პირველ რიგში ალბათ მაინც იმით, რომ ძალიან,  ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ გოგა ღურწკაიასა და გამგებლის მოადგილეს  ქალბატონ რალა ჩემიას, რადგან რომ არა ისინი, არც ამ სიუჟეტის ავტორი ვიქნებოდი (თუმცა ეგ დიდი არაფერი) და არც იმ ლამაზი დღეების თვთმხილველი გავხდებოდი, რასაც „მეგა 2011“-სა და განსაკუთრებით „ქართული ბრენდის დღე 2011“-ის დაჯილდოების ცერემონიალი ჰქვია.  
ახლა რაც შეეხება „მეგას“, სიმართლე უნდა ვთქვა და მაპატიეთ :) მე მახსოვდა მეგას გრანდიოზული ცერემონიები, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, წითელი ხალიჩა, მოწვეული სტუმრებისა და ორგანიზატორების მიერ უმაღლეს დონეზე გათვალისწინებული Dress-კოდი და თქვენ წარმოიდგინეთ ლიმუზინის დონეზე მომდგარი მანქანები. მოკლედ როცა აღნიშნული პროექტის მოსაწვევი გადმომცეს თავში ეს კადრები ამომიტივტივდა და ეგრევე დაიბადა კითხვა „რა ჩავიცვა?”:), მაგრამ შემდეგ დალოცვილი google-სა და მიკითხვ-მოკითხვის საშუალებით მივხვდი, რომ ბოლო წლების „მეგა“ დიდი პომპეზურობით არ გამოირჩევა, ამიტომ ე.წ. „სამუშაო ფორმაში“ გამოვეწყვე და დაახლოებით დღის პირველი საათისთვის  თბილისისკენ ხობის მარშრუტიც დაიძრა. 
დანიშნულების ადგილზე, ანუ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ზუსტად მოსაწვევზე მითითებულ დროს აღმოვჩნდით. პირველი ემოცია მანქანიდან გადმოსვლამდე და მას შემდეგაც იყო განახლებული აღმაშენებლის გამზრის სილამაზე და დახვეწილი გემოვნებით შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც შემდეგ მოჰყვა თეატრის ფოიეში ხობის საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ორგანიზატორების მიერ მოწყობილი სტენდი, სადაც გამოფენილი იყო სპეციალურად ფესტივალისათვის შექმნილი უნიკალური ვიდეო-აუდიო და ლიტერატურული  მასალები.


მაშ ასე, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი „მეგა 2011“, რომლის წამყვანებადაც მომღერალი ნინი შერმადინი და პროექტის ავტორი, სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ბესო ჩუბინიძე მოგვევლინენ, გახსნილად გამომიცხადებია.
ნინი & ბესო


წამყვანების ტინგიცობისა და პრანჭიაობის მერე პირველი ნომინაციის ჯერი დადგა:
1. ნომინაციაში ქართული თეატრისა და კინოს პოპულარიზაციისათვის „მეგა 2011“   ნიკა წულუკიძეს გადაეცა, რომელიც იმ დღეს ფილარმონიაში გამართული „ორერას“ კონცერტის წამყვანი აღმოჩნდა და ჯილდოს აღების შემდეგ სწრაფად დატოვა დარბაზი.

2.  მეორე ნომინაცია იყო თუ არა არ მახსოვს, უფრო სწორედ ვერ მოვუსმინე, მაგრამ ნინის ჩაცმულობაზე რომ უზრუნია ვინმე ფატუნა ბუშიჰედს და ჩემდა გასაოცრად მსოფლიოს (დიდი ექსპერტი ამ საქმეში არც მე ვარ, მაგრამ მაინც, ჩემი აზრია) 60 საუკეთესო დიზაინერთა შორის ყოფილა შესული ეგ გავიგე, თანაც საქართველოში მხოლოდ ნინის ჩაცმულობაზე ზრუნავსო.
ფატუნა ბუშიჰედი
3. ნომინაციაში  "ახალი თაობის ვარსკვავი" დაჯილდოვდა გოგა მესხი
4. "წლის ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ პროექტად"  კი აბსოლუტურად ღირსეულად "ქენდი მუზიქ - ევროვიზია" დასახელდა
ჯგუფი "ქენდი"
 5. "ქართული სცენის საუკეთესო ბრენდ-მომღერალი" რა თქმა უნდა მერაბ სეფაშვილი გახდა.
6. "მომავლის ვარსკვლავი" 10 წლის თორნიკე ჩუბინიძე გახდა, რომელიც თურმე ბესო ჩუბინიძის "არაფერი" არ ყოფილა:)
თორნიკე ჩუბინიძე
7. ნომინაცია - "ქალაქური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი" - აი ძალიან მინდა კომენტარის სახით რომ შეიძლებოდეს აქ დადება და საინტერესოა რამდენი მიხვდებით ვინ არის:)) მოდით ინტრიგას ინტრიგადვე დავტოვებ და მხოლოდ სურათს ავტვირთავ, აი სახელსა და გვარს შეგნებულად არ დავწერ, უბრალოდ მაინტერესებს რამდენმა იცით ამ ქალბატონის  შესახებ:) მაგალითად მე პირველად გავიგე და ვნახე:)
8. "წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი" - ნატო გელაშვილი.
9. "წლის რეპერი" - ვინმე "მასტერი"გახდა, (მე ძაან ჩამოვრჩი ეტყობა ქართულ ესტრადას) რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის იმ საქმის დაფასება რასაც ის აკეთებს და რასაც რეპის სიყვარული ჰქვია, წელს 4 კლიპი გადაუღია, მათ შორის ერთ-ერთი ევროპაში და მოკლედ არ გაკვირვებია რაა:))

10. ნომინაციაში "წლის საბავშვო სტუდია" ჯილდო გადაეცათ ნინო ბალახაშვილის სტუდიას "ლურჯა ცხენები". თქვენ წარმოიდგინეთ ამ სტუდიას თურმე  18 წლის არსებობის ისტორია აქვს.
ნინო ბალახაშვილი

"ლურჯა ცხენები"
 11. "საუკეთესო სასცენო იმიჯი" - მარკუს მეტრეველი.

12. ნომინაციაში  „ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“  "მეგა 2011" გადაეცა ხობის საერთაშორისო ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე"-ს დამფუძნებელსა და ორგანიზატორს, საერთაშორისო ფონდი "ხობის" პრეზიდენტსა და ხობის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში ბატონ  გოდერძი ბუკიას. 

13. "წლის პოპულარული თოქ-შოუ" -  გახდა გადაცემა "100 გრადუსი ცელსიუსი", ჯილდო კი მის წამყვანს ნოდარ მელაძეს გადაეცა.


14. "წლის დებიუტი" - ბაია გიორგაძე.

რომელმაც თურმე წამყვანის აზრით ისე კარგად იმღერა, რომ საბოლოოდ გააჩუმა ყველა მისი გამკრიტიკებელი და პირდაღებული დატოვა დარბაზი, (ოღონდ არა მე) ხოლო  ნინი შერმადინმა სცენაზევე მოუხადა ბოდიში გადაცემაში მის მიმართ გამოყენებული ირონიული დამოკიდებულებისთვის. (ეს კი ყოველი შემთხვევისთვის)

15. "წლის საუკეთესო კლიპი"- პაატა თედიაშვილის სიმღერაზე "მესხური"


16. "მომავლის ვარსკვლავი" - ანი ბათიაშვილი გახდა, რომელიც სცენაზე როლიკებით შემოსრიალდა, მართალია დანიშნულებას ვერ ჩავწვდი, თუმცა ეგ არაფერი... (საყვარელი ბავშვი კი იყო, მაგრამ სიმღერაში ისეთ "ლ" იხმარა, მეეჭვება მომავალი ჰქონდეს, რა თქმა უნდა ამ სფეროში ვგულისხმობ )
17. "წლის კომპოზიტორი" - ლილიკო ნემსაძე

18. "ქართული როკის საუკეთესო შემსრულებელი" - კაკო ვაშალომიძე

19. "საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი" - ანსამბლი "უნივერსიტეტი 2" (მართალია შერჩევის პრინციპი არ მესმის, მაგრამ მაინც)

20. "წლის რემიქსი" - ჯგუფი სეიშენი   "სახეს" სიმღერით. (ჯგუფი არასრული შემადგენლობით გამოცხადდა)
21. "წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერალი" - ეთერ კაკულია. (ვგიჟდები ამ ქალის პირდაპირობაზე და საერთოდ ძაან მიყვარს:) რამდენად პროდუქტიული იყო   როგორც მომღერალი ეგ არ ვიცი, მაგრამ ზოგადად კარგი ქალია)
22. "წლის საუკეთესო ვოკალისტი" - ნინი შერმადინი გახდა, რომელიც თურმე საერთოდ არ ელოდა ამ ნომიაციაში გამარჯვებას და გაოცებას ვერ მალავდა:)) კი ბატონო, როგორც მომღერალი  ხელი ამიწევია, აი როგორც წამყვანი, მაპატიეთ, მაგრამ არა, ვერ გავუძელი:)
23. "წლის ყველა თაობის საყვარელი მომღერალი" - ნუგზარ კვაშალი გახდა
24. ნომინაციაში  "წლის აღმოჩენა"  "მეგა 2011" ნინო გოთოშიას გადაეცა, ეს იყო ახალ თაობათა შორის ყველაზე ემოციური გამოსვლა და ნინოსთვის აბსოლუტურად დამსახურებული ჯილდო, პროექტის ავტორმა და წამყვანმა ბესო ჩუბინიძემ  აღნიშნა, რომ ნინო ხობის ფესტივალზე აღმოაჩინა და დამსწრე საზოგადოებას  მოუწოდა, რომ ეს სახელი და გვარი დაემახსოვრებინათ და მეც მჯერა, რომ ნინო გოთოშია, მომავალში ძალიან ბევრს იტყვის ქართულ  შოუბიზნესში (და არა მარტო). 
          ნინო ხობის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის, ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმთან არსებული მუსიკალური სტუდიის მოსწავლეა.
   ნინოს  გამოსვლის შემდგეგ სცენაზე კვლავ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოდერძი ბუკია ავიდა და განაცხადა,  რომ ფონდი აგრძელებს ნიჭიერი ადამიანების გამოვლენას და ფესტივალს ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, იგი აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს ნინო გოთოშიას, რის შემდეგაც  მაყურებელმა და თავად წამყვანმაც კი ემოცია ვერ დამალა.

25. ნომინაცია "წლის ჩანგალი"- ღონისძიების მთავარ ინტრიგად პროექტის ორგანიზატორმა სწორედ ეს ნომინაცია შემოინახა, მეგა, რომელიც ლალი მაროშკინას სახელს ატარებდა ყველასთვის გასაოცრად ფსიქოლოგ გია ჯაჯანიძეს გადაეცა.
26. "წლის პოპულარული სიმღერა"- "წყაროზე"  ჯგუფი "მირაჟი"
       მოკლედ, რიგით მე-12 მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი "მეგა 2011" , რომელსაც საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას წარმატებით დასრულდა. იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება დღეს ქართულ შოუბიზნესში, ეს მართლაც დასაფასებელი საქმეა, რადგან რომ არა ის ენთუზიაზმი, რომელიც პროექტის  ავტორსა და ორგანიზატორს ბესო ჩუბინიძეს გააჩნია "მეგა" უბრალოდ არ იარსებებდა, ან კიდევ დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას.

воскресенье, 9 октября 2011 г.

ღიმილის საერთაშორისო დღე, გაღიმებული სახეები და "ვოიაჟი" კახეთში


       მოკლედ, ახლახან გავიგე, რომ  7 ოქტომბერი თურმე ღიმილის საერთაშორისო დღე ყოფილა, რომელსაც მსოფლიოში 1999 წლიდან აღნიშნავენ, შესაბამისად 7 ოქტომბრის დილა  გამგეობის წინ  ღიმილიანი და ბედნიერი სახეებით დაიწყო, ისმოდა კითხვები თუ ვინ წავიდოდა თბილისში, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შეხვედრაზე, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა ხობიდან მიმავალ მოხალისეეებს გამგეობიდაბ არც თუ ისე მცირე შემადგენლობის  ჯგუფი შეუერთდა. გზა ცოტა ექსტრემალურ სიტუაციაში გავიარეთ, რადგან  ქუთაისში შექმნილი უმნიშვნელო  დაბრკოლების გამო ჩასწრების საკითხი იდგა დღის წესრიგში, თუმცა ლექსო რა ლექსოა, თუ საქმეს რომელსაც ის ხელს მოკიდებს  ზედმიწევნით არ შეასრულა.
          ასე იყო თუ ისე,  პროფესიონალი მძღოლების  და ჩვენი ყველგანმავალი საშვის წყალობით დანიშნულ ობიექტამდე მშვიდობით მივედით, თუმცა ამ ფაქტიდან მხოლოდ ირაკლის მიერ მობილური ტელეფონით  გადაღებული ფოტო შემიძლია  წარმოვადგინო, რადგან მოედანზე აკრძალული იყო ფოტო-აპარატის შეტანა. 
თავისუფლების მოედანი
  შეხვედრა, სადაც საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები სიტყვით გამოვიდნენ, საინტერესოდ წარიმართა, თუმცა პოლიტიკური განცხადებებისა და  შეფასებისთვის ეს გვერდი ნამდვილად არ გამოგვადგება.

      რაც შეეხება გაგრძელებას, ე.ი. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფკავშირების წყალობით, (თავმჯდომარე დინა ჯანჯღავა) რომელიც წლის განმავლობაში  თავიანთი საჯარო მოხელეებისთვის არ იშურებს სიურპრიზებს ექსკურსიისა და სხვადასხვა საღამოების სახით, წელსაც მოგვცა შესაძლებლობა მოგვეწყო ე.წ. „კახური ვოიაჟი“.
შესაბამისად, თბილისში გემრიელად მოლხენისა და გართობის შემდეგ პირველად გეზი ღამის 11 საათზე  განახლეული სიღნაღისკენ ავიღეთ, რომელიც კახეთის სახედ შეიძლება ჩაითვალოს. სიმართლე გითხრათ კახეთში არა ერთხელ ვყოფილვარ და ბევრი რამ მინახავს, მაგრამ სიღნაღის სილამაზემ აღმაფრთოვანა,  რეაბილიტაციის დროს თითქოს ყველა დეტალი გათვალესო, წუნი ვერაფერს ვერ დავუდევი, მოკლედ ძალიან მომეწონა. 

        როგორც იქნა ღამის 2 საათზე მივედით დანიშნულების ადგილზე,  ეს იყო  გამგეობის შენობა, სადაც კოლეგა, სიღნაღის ფინანსური და საბიუჯეტო სამსახურის უფროსი  ქალბატონი მაია გველოდა (გვარი არ მახსოვს).  სწორედ ქალბატონი მაია და მისი ოჯახი აღმოჩნდა ჩვენი მასპინძელი.
ჩვენი სახლი ხათუნას ფონზე:)
ხედი ჩვენი აივნიდან
ასევე
        სახლში მისულებს ერთი სული გვქონდა როდის დავიძინებდით, თუმცა ზოგს ოთახში შემონათებულმა შუქმა დაუფრთხო ძილი, ზოგს კიდევ მისაღებ ოთახში ჩვენი „ფხიზელი“ ბიჭების ფუსფუსმა. როგორც დილის ბჭობიდან გაირკვა,  ყველაზე გემრიელად მხოლოდ  მე და სალომეს გვეძინა:) 
       
     ასე იყო თუ ისე, გათენდა კახური დილაც, დილის საუზმისა და მასპინძლის მიერ მომზადებული კახური მაჭარის დაგემოვნების შემდეგ ჯგუფი კახეთის სხვა ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად  დაიძრა. 
  პირველი იყო ბოდბე, სადაც  ტაძარი და წმ. ნინოს საფლავი მოვილოცეთ.

წმ. ნინოს წყარო
       შემდეგი გაჩერება წინანდალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი აღმოჩნდა, სადაც ხათუნამ  იქაური  დაცვის სამსახურის უფროსი საერთო ნაცნობების მეშვეობით გაიცნო და ცნობილი კახური სტუმარ-მასპინძლობით პატივის უმაღლეს მწვერვალზე აღმოვჩნდით, რადგან მუზეუმის, ხეივანისა და სხვა უამრავი საინტერესო ადგილების დათვალიერების შემდეგ 2007 წლის ღვინო „წინანდალის“ დაგემოვნების საშუალებაც მოგვეცა, რაც დამეთანხმეთ ძვირი და იშვიათი სიამოვნებაა.
ესეც ჩვენი მასპინძელი
ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
ეს ერთადერთი კადრია, რომელიც მუზეუმიდან მოვიპარე:)
2007 წლის ღვინო  "წინანდალი"
გაუმაააააააააარ...
  ყოველივე ამის შემდეგ, სტუმარ-მასპინძლობითა და პატივისცემით აღფრთოვანებულებს მასპინძელმა გზა გრემისკენ დაგვილოცა.
    მიუხედავად კახეთში ბევრჯერ ყოფნისა, გრემი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ვერესდროს ვერ მოვახერხე ასვლა, ამიტომ ეს ვოიაჟი კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა ჩეთვის.
    გრემის ტაძარი აგებულია 1565 წელს. მონასტრის განლაგებამ და ადგილმდებარეობამ  საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა თითოეულ ჩვენთანაგზე. 
გრემი
       ეს იყო უკანასკნელი რაც კახეთში ვიხილეთ, რადგან დღე იწურებოდა და დაბრუნების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ არ შემიძლია არ ვისაუბრო ყურძნის ყიდვისა და ჩამოტანის მეტად კურიოზული სიტუაციის შესახებ. 
       მოკლედ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ყურძნის ყიდვა ბოლოსთვის შემოვინახეთ. დადგა „ბოლოს“  ჯერიც, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ყურძენი არსად ჩანდა. მიუხედავად იმ სასაცილო ფაქტისა, რომ კახეთში ყურძენი ვერ ვიყიდეთ, რას ვიზამდით, ამ ფაქტისგან ცხვიჩამოშვებულებმა, მაგრამ ამ  დღეებში მიღებული სხვა დადებითი ემოციებისგან დამუხტულებმა და ნასიამოვნებმა გზა ცეკვა-თამაშსა და მხიარულებში გავიარეთ, თუმცა იმ იმედით, რომ თბილისში მაინც ვიყიდდით. სწორედ ამ დროს გზაზე ყურძნით დატვირთული „მარშუტკა“  გამოჩნდა, რომლის გაჩერებისთვის ლამის  ხელ-ფეხის მოშვერიება დაგვჭირდა. ერთდროულად ჩაცვენილი მგზავრების ხილვისას  მძღოლმა გაოცება ვერ დამალა, თუმცა ჩვენი გაჭირვების მოყოლის შემდეგ, რაჭისთვის გამზადებული ყურძნის ნაწილი ჩვენ გვიწილადა. შეიძლება ითქვას, ეს იყო მოულოდნელი სიხარული.
ნანატრი ყურძენი
        სწორედ ამ სიხარულით დავადექით გზას მცხეთის „სალობიეში“, სადაც მოხდა სასიამოვნოდ  გატარებული დროის შეჯამება. როგორც აღმოჩნდა ყველანი ზე-კმაყოფილები ვიყავით ამ ორი ულამაზესი დღით. შეისვა იმ ადამიანების სადღეგრძელო ვისაც უნდოდათ, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს, იყო მადლობები ამ იდეის მხარდამჭერებისა და განმხორციელებლების მიმართ  და ა.შ.
          მხიარული განწყობა ასევე მხიარულად ხობისკენ მიმავალ გზაზე გამოგვყვა  და   ეს დღეც დასრულდა... 

          ახლა როცა ამ ყველაფერს ვწერ, მინდა  მოგონებაზე ვთქვა ორი სიტყვა, მოგონებაზე, რომელიც ან ტკბილია და მისი გახსენებისას სულს მალამოდ ედება, ან კიდევ მწარე და მწველი. ჩვენს მეხსიერებას კი ამ დღეებით კიდევ ერთი ტკბილი მოგონება შეემატა, რომლის გახსენებაც მუდამ კარგ განწყობაზე დააყენებს თითოეულ ჩვენთაგანს.