ხობის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო განწყობა დილიდან იგრძნობოდა, მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის სკვერში შეიკრიბა, სადაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას შემოუერთდა საერო სკოლა „არეას“ (დირექტორი– ბეტა რუსია)მოსწავლეები, რომლებმაც პატრიოტულ ნოტებზე აჟღერებული სიმღერა და ლექსები წარმოადგინეს.
9 აპრილის მემორიალი |
9 აპრილის მემორიალი |
შემდეგი ღონისძიება, რაც ანონსით იყო გათვალისწინებული, ეს იყო ხობის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი რაიონული საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სოფელ ძველი ხიბულისა და ხამისქურის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ხამისქურის გამარჯვებით,ანგარიშით 2:0 დასრულდა.
І, ІІ და ІІІ ადგილზე გასულ გუნდებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამარჯვება მიულოცა და გამგეობის მიერ დაწესებული თასები და სიგელები პირადად გადასცა.
გამარჯვებული – ხამისქურის გუნდი |
ძველი ხიბულა |
და ბოლოს, ხობის კულტურის სახლში გამართული კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელსაც წინ უსწრებდა ხობის პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეების მიერ თექის მასალით დამზადებული ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, რომელიც გამგეობის კულტურის სამსახურისა და მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.
ყველაზე მნიშნელოვანი და დასამახსოვრებელი, რაც დღევანდელ დღეს უკავშირდება ეს არის, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ იგორ ტყებუჩავას მიერ კონცერტზე გაჟღერებული ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვით კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიას - დაერქმევა ,,საქართველოს დამოუკიდებლობის მოედანი’’, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ხეივანს - 26 მაისის ხეივანი, ხოლო დღეს არსებული სტალინისა და ბერიას ქუჩების სახელწოდებები შეიცვლება და დაერქვმევა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ქუჩები. „ ეს კიდევ ერთი სიმბოლური შეხამება იქნება საქართველოს ისტორიასთან, ამიერიდან ცოტნე დადიანის ქუჩა, 26 მაისის ხეივანი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქუჩა ნებისმიერ ხობელს და მის სტუმრებს მიიყვანს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის მოედანთან’’ – განაცხადა გამგებელმა.